9.02.2019 Author: admin 4 352

"ვნატრობ, ჩემი ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდეს"- წერს მარი

მშობელი შვილისთვის ყველაზე საიმედო საფარი, საყრდენი და მრჩეველია. ის თავგამოდებით ცდილობს, შვილი ყოველგვარი ცუდისგან დაიცვას, ბედნიერი მომავალი შეუქმნას…
მაგრამ ზოგჯერ ახალგაზრდის პირად ცხოვრებაში ჩარევას სიკეთე არ მოაქვს, არც ზედმეტ ფუფუნებას. ზოგჯერ ზუსტად იმას ვერ ავცდებით, რასაც გავურბივართ. ჩვენი რესპონდენტის, ქალბატონი მარის, ცხოვრებაც ამის დასტურია.
მარი:
– ფინანსურად ძლიერ ოჯახში დავიბადე, დედისერთა ვიყავი და თავზე დამფოფინებდნენ. მამა თანამდებობის პირი, გავლენიანი კაცი გახლდათ. დედა დიასახლისი იყო და მთელ ენერგიას ჩემს აღზრდას ახმარდა. სხვადასხვა საგანში მამზადებდნენ, თითქმის ყველა სახელოვნებო წრეზე დამატარებდნენ. საუკეთესოდ მაცმევდნენ.
განსხვავებული გოგონები ბიჭების ყურადღების ცენტრში ექცევიან. ალბათ მოვწონდი ზოგიერთს, მაგრამ გამოხატვას ვერ ბედავდნენ. ჩემი ოჯახის სტატუსი შეუვალ კედლად იყო აღმართული. ქედმაღალი არ ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, თავი როგორ დამეჭირა.
– არავინ მოგწონდათ, თუნდაც გულში, ფარულად?
– მაღალ კლასებში ჩვენს სკოლაში გადმოვიდა მათე – სერიოზული, დინჯი, მეოცნებე ბიჭი, ლამაზი ცისფერი თვალებით. ერთი ნახვით შევუყვარდი. რომ დამინახავდა, ღელავდა, მონუსხულივით მიყურებდა. მის თვალებს ვერ ვემალებოდი – ისეთი სიღრმე ჰქონდა, თითქოს მესაუბრებოდა. ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენდა.
მათე ჩემს ფიქრებში შემოვიდა. დამამთავრებელ კლასში თითქმის დავმეგობრდით. ის ერთადერთი თაყვანისმცემელი იყო, ვინც ჩემთან დამეგობრებას ცდილობდა. დედა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს ჩემს პირად ცხოვრებას. ეშინოდა, ნაადრევად ვინმე შემყვარებოდა და არასწორი არჩევანი გამეკეთებინა. ის ჩემსა და მათეს შორის ჩადგა.
– გარდა იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდები იყავით, დედათქვენი მათეს სხვა მხრივაც იწუნებდა?