საშინელება ხდება H1N1 და კიდევ ერთი ფატალური შედეგი - ღორის გრიპს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


სოფელ ახალსოფლის მკვიდრი 33 წლის გ. როგავა ღორის გრიპმა იმსხვერპლა. ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელიც გართულებული მდგომარეობის გამო თბილისში გადმოიყვანეს, ინგოროყვას კლინიკაში, H1N1 ვირუსით გარდაიცვალა.
მანამდე პაციენტი 1 დღის განმავლობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ „ევექსის“ კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ დაუდასტურა.
„პაციენტი როცა შემოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მას აღენიშნებოდა სუნთქვის მძიმე უკმარისობა და მოვათავსეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მისი ახლობლების მოთხოვნით, ერთი დღის შემდეგ იგი კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში, სადაც დადგა ფატალური შედეგი. რაც შეეხება დიაგნოზს, მას ჰქონდა პირველი, მეორე ხარისხის სიმსუქნე და პლიუს გლუკოზის ხარისხის ტოლერანტობის დარღვევა სისხლში და დადგა ის შედეგი, რაც დადგა“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ორჟონიამ.
„ევექსის“ კლინიკური დირექტორის თქმით,ამჟამად ჰოსპიტალში 4 პაციენტი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ზუგდიდის ერთ-ერთ კვების ობიექტში მუშაობდა.

მოგეწონა?
გაუზიარე მეგობრებს!

კომენტარის დატოვება!